კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსებიდან ერთი წელი შესრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, ბიუროში საზეიმო მიღება გაიმართა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებს ბიუროს დაარსების ისტორიისა და საქმიანობის შესახებ ვიდეო-პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ სტუმრებს მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმებიც გააცნეს. მოგვიანებით, მოწვეულმა სტუმრებმა ბიუროს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და თანამშრომლების სამუშაო გარემოს გაეცნენ.
ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
კიბერუსაფრთხოებასთან ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. იმავე წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებმა საბჭომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს მთავარი ამოცანა თავდაცვის სექტორში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ბიუროს ხელმძღვანელობა ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებას ასახელებს. 2014 წელს პირველად, კიბერელემენტები სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „დიდგორი 2014“ იყო წარმოდგენილი. წელს კიბერელემენტი ყველა სამხედრო სწავლებასა და სავარჯიშოში იქნება ჩართული.