მინდია ჯანელიძე მაცეი პოპოვსკის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილეს, მაცეი პოპოვსკის შეხვდა- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება გააცნო. შეხვედრაზე ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დროულად დასრულდება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალიწინებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა. ევროკავშირის მხარემ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.
„თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ რეგიონში და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და საქართველოს ასოცირების პროცესი ევროკავშირთან. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დეტალებს ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში“, – განაცხადა მაცეი პოპოვსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საკითხებიც განიხილეს. დელეგაცია საქართველოს 11-13 თებერვალს ესტუმრება და ევროკავშირსა და თავდაცვის სამინისტროს შორის სამუშაო გეგმის დეტალებს შეათანხმებს.