“რესპუბლიკელები”: ჩვენს წევრებს თანამდებობაზე დასანიშნად პარტიის დატოვებას სთხოვენ
რეგიონებში “ქართული ოცნების” კოალიციის შიგნით დაპირიპირება მწიფდება – “რუსპუბლიკელები” პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატებს ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. “რესპუბლიკელები” აცხადებენ, რომ მათ თანაპარტიელების მიმართ მუქარა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ თანამდებობის შეპირება ხდება და ბოლო დროს ამ პროცესმა ძალიან მწვავე ხასიათი მიიღო.
ამ ბრალდების საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს ამ საქციელს უწუნებს – “ასეთ განცხადებას ჟურნალსტის მეშვეობით არ უნდა ვიგებდე. ვთხოვდი ქალბატონ ხათუნას, სანამ მსგავს განცხადებებს საჯაროდ გააკეთებს, საკითხი პოლიტსაბჭოზე დააყენოს. მით უმეტეს, თუ გვარებსაც ასახელებს. ძალიან ვუწუნებ ამ საქციელს”.
როგორც ხათუნა სამნიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, “რესპუბლიკელების” შევიწროება-მუქარა ხდება ახმეტაში, ქუთაისში, ცაგერსა და ჩხოროწყუში და ყველა ამ ჩამოთვლილ რაიონში “რესპულიკელებს” არაუფლებამოსილი პირები ავიწროებენ.
მაგალითად, ახმეტის რაიონში საუბარია ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურზე, რომ ის საკადრო გადაწყვეტილებებში აქტიურად ერევა და ყველგან საკუთარ ნათესავებსა და მეგობრებს ნიშნავს.
დაპირისპირება ახმეტაში
ახმეტის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი ზაქარია ქინქლაძე აცხადებს, რომ ზვიადაური “რესპუბლიკელებს” ვერ იტანს. მისი თქმით, ახმეტაში ყველგან ზვიადაურის კადრი ინიშნება, ყველგან მისი ნათესავები, მეგობრები და ნათელ-მირონები არიან, უკვე გაუსაძლისი ხდება ცხოვრება და ვითარება საგანგაშოა.
ზაქარია ქინქლაძე: “ადგილობრივ არჩევნებამდე საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და ზვიადურმა საკრებულოს წევრები აიძულა, დაემუქრა, შს სამინისტროს წევრებიც კი ჩართო, რომ გადავერჩიე.
“თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კოალიციამ გადაწყვიტა საკრებულოს თავმჯდომარის მოალგილედ ვყოფილიყავი. ეს რომ ზვიადაურმა გაიგო, გაიქცა კოალიციაში და ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ჩემი შვილი ნათია ქინქლაძე, რომელიც გამგეობაში მუშაობდა, ჯერ ტურიზმთან დაკავშირებული მისი სამსახური გააუქმებინა და დააქვეითა, ახლა კი თვითმმართველობაში 4 ვაკანსია იყო გამოცხადებული, მან ტესტირებაში ყველაზე მაღალი ქულა მიიღო და მაინც სამსახურიდან მხოლოდ ის გაუშვეს.
“ასევე ლევან ბორჩაევი, რომელიმც პანკისის ხეობის რწმუნებული იყო, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა სხვა ყოფილი რწმუნებული ისევ დააბრუნეს თანამდებობაზე. ახლა რწმუნებულებისათვის კონკურსი ჩატარდა. პანკისის ხეობაში მის გარდა ყველა კანდიდატი ჩაიჭრა და მხოლოდ იმიტომ, რომ ბორჩაევი არ დაებრუნებინათ თანამდებობაზე, პანკისში კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადეს.
“პანკისში კანონის დარღვევით ისევ ძველი რწმუნებული დატოვეს თანამდებობაზე. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი კი კრძალავს მოვალეობის შემსრულებლად ერთი და იგივე პირის ორჯერ დანიშვნას.
“ნინო ბიჩინაშვილი, რომელიც საკრებულოს აპარატში მთავარი სპეციალისტი იყო, მან ძალიან მაღალი ქულა მიიღო, მაგრამ სამსახურიდან მაინც გამოუშვეს და იმ თანამდებობაზე ზვიადაურის ნათლიის შვილი დიანა მუთოშვილი დანიშნეს.
“მაგალითად, დათო სიმონიშვილმა, რომელმაც ტესტირება გაიარა და არ ნიშნავდნენ, მოვიდა ჩემთან – პარტიიდან გასვლა მინდაო. მიზეზი არ მითხრა, მაგრამ მიზეზი კი ის არის, რომ პარტიიდან გასვლის სანაცვლოდ მას თანამდებობაზე დანიშნავენ.
“მანანა გოგრელაშვილმა მითხრა, რომ “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარე მას მუდმივად უყენებდა საკითხს, დაეტოვებინა “რესპუბლიკური პარტია”.
“ასეთი რამ მუდმივად ხდება. ზვიადაური ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას იწყებს იმით, თუ მას როგორი დამოკიდებულება აქვს “რესპუბლიკური პარტიის” წევრებთან. დასცინის მათ და ყველას ცუდ საქმედ უთვლის “რესპუბლიკელობას”, – აცხადებს ქინქლაძე.
მისივე თქმით, ზვიადაური მუდმივად აცხადებს – სანამ დეპუტატი ვარ, ყველაფერი მე უნდა მკითხოთო.
“სანამ თვითმმართველობას ფეოდალ, გაუნათლებელ, უცოდინარ ზვიადაურს არ მოაშორებენ, არაფერი გაკეთდება, ტენდერებიც ჩაიშლება და საქმეც გაფუჭდება”, – აცხადებს ქინქლაძე.
თავად ზვიადაური ამ ბრალდებებს სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ზაქარია ქინქლაძე ინტრიგანია და პირადად მას რას ერჩის, ვერ გაუგია.
ზურაბ ზვიადაური: “ერთი-ორი საათის წინ გავიგე, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ქალბატონი როა, რა ჰქვია არც ვიცი, სამნიძე, პრესკონფერენცია გაუკეთებია, თურმე მე ვავიწროებ მისი პარტიის წევრებს და პრობლემებს ვუქმნი. ეს სისულელეა.
“ზაქრო ქინქლაძე ერთი ინტრიგანი ადამიანია. მაგის შვილი გამგეობაში მუშაობდა და როგორც ყველამ, მანაც გაიარა კონკურსი, თუმცა შემდეგ გასაუბრება ვერ გაიარა. ან “რესპუბლიკელი” რა შუაშია, ან მე რა შუაში ვარ?! ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს მუნიციპალიტეტის და გამგეობის გადასაწყვეტი თემაა და საკადრო ცვლილებებში არ ვერევი.
“ვიღაცას თუ სურს, ზვიადაურს შეაწმინდოს ხელი, ეს სხვა თემაა. რომელი მეგობარი და ნათესავი დავნიშნე?! ახმეტაში ყველა ყველას ნათესავი და მეგობარია. აქამდე ორი წელი ხომ მუშაობდა და თუ მინდოდა, “რესპუბლიკელობის” გამო მაშინ ვერ გავუშვებდი?! ასე ნებისმიერ რამეზე შეედავები ადამიანს. აქამდე რაიმე პრობლემა შექმნიათ?!”
მანანა გოგრელაშვილთან დაკავშირებით ქინქლაძის განცხადებას ზვიადაური სისულელესა და ტყუილ ბრალდებას უწოდებს და ამბობს, რომ ამ ქალბატონს არავინ აიძულებდა “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებას, პირიქით, გოგრელაშვილმა მის თვალწინ დახია პარტიის მანდატი.
“ზაქრო ქინქლაძეს ახმეტის კეთილდღეობა კი არა, მხოლოდ ფულის კეთება აინტერესებს. ან მის იმპიჩმენტში მე რა შუაში ვარ, როგორ, 13 დეპუტატს დავუძახე და დავაშინე?! მას “ჯორ ზაქარას” ეძახიან და ამბობდა, თურმე მე ხალხს “წამლისა” და იარაღის ჩადებით ვემუქრებოდი. შეიძლება ყველაფერი დამაბრალო – ცემა, გინება და ლანძღვა, მაგრამ ჩემგან “წამლისა” და იარაღის ჩადების მუქარა, ეს უხერხულია.
“არაჩვეულებრივი, ნორმალური დამოკიდებულება მაქვს დავით უსაფაშვილთან და თინა ხიდაშელთან, ბევრ “რესპულიკელთან” ვმეგობრობ. ქინქლაძე მებრძვის და რა უნდა, ვერ გავიგე,”- აცხადებს ზვიადაური.
საგანელიძე “რესპუბლიკელებს” საქციელს უწუნებს
ცნობისათვის, გუშინ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯომარე ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ არის ფაქტები, როდესაც “რესპუბლიკელებს” ემუქრებიან, ან სამსახურის სანაცვლოდ პარტიის დატოვების პირობას უყენებენ.
სამნიძის განცხადებით, არის რეგიონები, სადაც იმ პერიოდში, როდესაც არის ტესტირებები და გასაუბრებები, ადამიანების დასაქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური ნიშნით ხდება.
მისი თქმით, მას აქვს ცალკეული ფაქტები ცალკეული რეგიონებიდან და არ შეუძლია ამტკიცოს, რომ ეს არის სისტემური ხასიათის, ან “ცენტრიდან მომდინარე დირექტივა”.
“პირიქით, მე ვთვლი, რომ ეს არის ადგილებზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ნაკლებად აქვთ ინფორმაცია კოალიციის მუშაობასთან დაკავშირებით. ასეთი ფაქტები არის ახმეტაში, სადაც ერევიან არაუფლებამოსილი პირები და სტუქტურები პროცესში.
“ფაქტები არის ლაგოდეხში. ქუთაისში, მაგალითად, 150 ადგილას იყო ვაკანსია, სადაც 8 “რესპუბლიკელმა” გადალახა ბარიერი და მიიღო მაღალი ქულა, მაგრამ მხოლოდ 2 ადამიანი დარჩა იქ, სადაც მუშაობდა, სხვებს პრობლემები შეექმნა.
“მე არ მინდა იმაზე ვისაუბრო, რომ პარტიული ნიშნით უნდა ხდებოდეს დასაქმება, მაგრამ სწორედ პარტიული ნიშანი და კუთვნილება ხდება არგუმენტაცია, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ადგილზე.
“კონკრეტულ შემთხვევებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენს წევრებს ზოგს ემუქრებიან, ზოგს ეუბნებიან, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი პარტიას დატოვებენ. ასეთი ფაქტები არის. ახმეტაში დატოვა ერთმა პირმა პარტია. თბილისშიც მოხდა ასეთი ფაქტი, როდესაც ძალიან დაბალი რანგის, ჩვეულებრივი თანამშრომლის პოზიციაზე დანიშვნის პირობად პარტიის დატოვება წაუყენეს და მან დატოვა პარტია”, -განაცხადა სამნიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, როდესაც ასეთ პრესკონფერენციას აწყობს კოალიციაში შემავალი პარტიის თავმჯდომარე, თან ისე, რომ ეს ინფორმაცია ჯერ პოლიტსაბჭოზე არ განუხილავთ, ცუდია.
დავით საგანელიძე: “სამწუხაროა, როდესაც ამგვარ ინფორმაციას გაზეთის კორესპონდენტისგან ვიგებ. შესაძლოა რეგიონებში კომუნიკაციების არარსებობა ან პირადული დაძაბული ურთიერთობა იყოს, მაგრამ ცუდია, რომ ამას კოალიციის ერთ-ერთ წარმომადგენლი და ხელმძღვანელი არა კოალიციის პოლიტსაბჭოზე, არამედ ჟურნალისტებთან აცხადებს.
“პოლიტსაბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება, ზოგჯერ უფრო ხშირად. გარდა ამისა, პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი გახლავართ და შესაბამისად, ფრაქციის ლიდერებთან ყოველდღიური შეხვედრა მაქვს და არც ერთხელ ეს თემა ჩემამდე არ მოსულა. თუ ვინმემ ვინმეს ყურში უთხრა, არ ვიცი.
როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე ისე, რომ ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოდის, რბილად რომ ვთქვა, გამიკვირდა. ვთხოვდი ქალბატონ ხათუნას, სანამ მსგავს განცხადებებს საჯაროდ გააკეთებს, საკითხი პოლიტსაბჭოზე დააყენოს. მით უმეტეს, თუ გვარებსაც ასახელებს. ძალიან ვუწუნებ ამ საქციელს. პარტიაში ვიკითხავ და ვისაც ეს საკითხი ეხება, გაერკვევიან”.
ხათუნა სამნიძე საგანელიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება გულისხმობს იმას, რომ “რესპუბლიკელებს” კოალიციაში დარჩენა სურთ, ამიტომაც მათ ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე რამდენჯერმე დასვეს, პასუხიც მიიღეს, რომ გაარკვევდნენ, მაგრამ როდესაც შედეგი ვერ ნახეს, ამის შემდეგ გადაწყვიტა საჯაროდ პრესკონფერენციის მოწყობა.
“კოალიციაში ეს საკითხი რამდენჯერმე დავსვი და პასუხი იყო – მოვაგვარებთ. ვეცადე, რომ მომეგვარებინა და როდესაც არ გამოვიდა, ახლა ამიტომაც ვაკეთებ ამ განცხადებებს.
“პრობლემებია ახმეტაში, ჩხოროწყუსა და ცაგერის რაიონეში. არჩევნებამდე, არჩევნების დროსაც და მის შემდეგაც ამ სამ რიონში იყო პრობლემა, როდესაც არაუფლებამოსილი პირები თვითმმართველობის საქმეებში ერევიან. ამის შესახებ კოალიციის ყველა წევრმა ძალიან კარგად იცის და, სამწუხაროდ, ეს პრობლემა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასაუბრებები დაიწყო.
“კოალიციური თანამშრომლობა ყველა დონეზე თანამშრომლობას ნიშნავს. არ ვთვლი, რომ ეს ცენტრიდან მომავალი მითითებაა. ახმეტის შემთხვევაში ღიად არის საუბარი, რომ ზვიადაური ერეოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კანდიდატების შერჩევაში. არის ფაქტები, როდესაც მიდიოდა ჩვენი პარტიის წევრთან და პირდაპირ ეუბნებოდა, რომ რადგან “რესპუბლიკელია”, ვერ გაიმარჯვებდა.
“ასევე ხდებოდა ჩხოროწყუში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა აქვს ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებს და “ნაციონალებს” და კოალიცია უმცირესობაშია. ასევე ცაგერში მაჟორიტარი დეპუტატი ერევა თვითმარველობის საქმიანობაში, ასევე ქუთაისშიც არის პრობლემა,” – ამბობს სამნიძე.
საგანელიძე ამ “ხარვეზების” არსებობის მიუხედავად კოალიციიდან “რესპუბლიკელების” გასვლას გამორიცხავს.
“შეიძლება ვინმეს უნდა კოალიციას მოაკლდეს ერთ-ერთ წევრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს არჩევნებამდე ეს არ მოხდება და არჩევნებს ერთ კოალიციაში შევხვდებით. ასეთი ხარვეზები და ასეთი ქმედებები აჩენს ასეთ კითხვებს და ეჭვებს. ამიტომ ყველა პარტიის ლიდერს ვთხოვდი ასეთი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ, სანამ შიგნით არ იქნება გადაჭრილი”, – დასძენს საგანელიძე.
წყარო: “რეზონანსი”