აპატურაი: ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული
ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოში იქმნება, სიმბოლური მნიშვნელობისაა, მას რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან საერთო არაფერი აქვს და ცენტრი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
„ეს ცენტრი სიმბოლურია და მას არაფერი აქვს საერთო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან, იგი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ცენტრის დანიშნულება წვრთნების ჩატარება და იმ საუკეთესო შესაძლებლობისა და უნარების შეთავაზებაა, რის გაზიარებაც საბრძოლო გამოცდილების მქონე საქართველოს შეუძლია. საქართველოს ქვედანაყოფების მონაწილეობა ავღანეთში და, ასევე, ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხარდამხარ, ქართველ ჯარისკაცებს აძლევს მაღალი დონის გამოცდილებას და საექსპერტო ცოდნას, რომელიც მათ შეუძლიათ სხვებსაც გაუზიარონ“, – აღნიშნავს აპატურაი.
ამავე ინტერვიუში აპარტურაიმ განაცხადა, რომ საქართველოსთან პარტნიორობის კუთხით, ნატოს ყველა ნაბიჯის რუსეთის მხრიდან ნეგატიურად აღქმის გამო, ნატო საქართველოსთან პარტნიორობას არ გაწყვეტს. „ვფიქრობ, ყველაფერი, რასაც ნატო საქართველოსთან პარტნიორობის კუთხით აკეთებს, ნეგატიურად აღიქმება რუსეთის მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობა უნდა გავწყვიტოთ“,- განაცხადა ჯეიმს აპარტურაიმ.