არჩილ თალაკვაძე: ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით დოკუმენტაცია უკრაინას უკვე გადაეცა
იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ადეიშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს ნებისმიერი ქვეყნის გადაწყვეტილებას.
„ელჩმა დაადასტურა რეალურად ის, რაც ჩვენ გუშინ ვთქვით ტელეკომენტარის საშუალებით და დღესაც გავიმეორებ, რომ საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებულია, სათანადო დოკუმენტაცია გადაეცა უკრაინის მხარეს. როგორც ვთქვი, უკვე გადაწყვეტილება ბატონი ადეიშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით არის უშუალოდ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის მხარის მისაღები. ჩვენ ვერანაირ ზეწოლას უკრაინაზე ამ კუთხით ვერ მოვახდენთ. დაველოდებით, როდესაც ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს, შესაბამისად რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, პატივს ვცემთ იმ გადაწყვეტილებას, როგორც საქართველოს მთავრობა. მთავრობის პოლიტიკის სისუსტეს ამას ვერ დავარქმევდი, რადგან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინტერპოლის ვებგვერდი და ნახოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიო მასშტაბით არის ძებნილი და გადაადგილდებიან სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, ასე რომ ეს არ არის სიახლე. საქართველოსთვის შეიძლება ეს არის სენსაციური ამბავი, როგორც ერთი ცალკე აღებული შემთხვევა, მაგრამ ინტერპოლისთვის ეს არ არის განსაკუთრებული სიახლე“, – განაცხადა თალაკვაძემ.