ანტიკორუფციული საბჭო 2015-2016 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს
ანტიკორუფციული საბჭო 2015-2016 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. აღნიშნულ გეგმას ამ წუთებში სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განიხილავენ, სადაც ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
როგორც სხდომაზე საბჭოს ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ორწლიანი სამოქმედო გეგმის მომზადების მიზნით თემატურმა ჯგუფებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს.
„ჩვენ 2015 წელსაც შევხვდით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში დიდი წარმატებებით. იცით, რომ ვართ ძალიან ბევრი დასავლური ტიპის ქვეყნის წინ – საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც ძალიან დაბალი რისკია იმისა, რომ კორუფცია გაჩნდეს. 2 წელია ჩვენ ვართ გადასული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე. ეს არის თანამედროვე ტიპის ეტაპი, ვიდრე უბრალოდ კრიმინალთან ბრძოლაა. ეს გახლავთ სახელმწიფო სტრუქტურების გახსნილობა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სახელმწფო სტრუქტურების შესაბამისი წარმომადგენლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა საზოგადოების წინაშე, რადგან არავის გვავიწყდება, რომ ვემსახურებით საზოგადოებას. სამინისტროები, მათ შორის ჩემიც, რომლებიც იყო სრულიად დახშული საზოგადოებისთვის, დღეს არის გახსნილი, აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მთავრობა არის მკაცრი კრიტიკის, დაკვირვების ქვეშ საზოგადოების მხრიდან, რადგან თავად მთავრობა იძლევა ამის საშუალებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა საბჭოს სხდომაზე.
ამასთან, მისი განმარტებით, წარმატებების მიუხედავად, აღნიშნული კუთხით არსებობს ხარვეზებიც.
“სფერო, სადაც მე, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელს, მაქვს კითხვები (არა იმიტომ, რომ კითხვებს საფუძველი აქვს, არამედ იმიტომ, რომ სტრუქტურები არის ბოლომდე დახურული), არის მართლმსაჯულების სისტემა. როგორც კი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი შეიცვლება, ჩვენ დაგვჭირდება მკაცრად ჩავიხედოთ ამ სფეროშიც, ხომ არ აქვს კორუფციის დანაშაულს რაიმე ტიპის რისკი, რომ იქ აღორძინდეს. იმედი მაქვს რომ არა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო, საერთაშორისო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.