„საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ რამდენიმე უფლებადამცველის საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზეა მორგებული“
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების: ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის მიმართ რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
გამზარდიას განცხადებით, დასახელებული უფლებადამცველების მიმართ საზოგადოებაში დიდი ხანია კითხვები არსებობს. მისივე თქმით, ხშირად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა საქმიანობები იწვევს ეჭვს, რომ მათი საქმიანობა შესაძლოა, ერთი პარტიის ინტერესზე იყოს მორგებული.
„დიდი ხანია ამ პერსონების მიმართ საზოგადოებაში კითხვები არსებობს. ასევე მუსირებს აზრიც, რომ რამდენიმე სექტორი ერთ კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, „რუსთავი 2“, როგორც მედიასაშუალება, და რამდენიმე არასამთავრობოს წარმომადგენელი კონკრეტული პირები ერთსა და იგივე შედეგზე არიან ორიენტირებულები. ეს ბადებს ეჭვს, ხომ არ არის ეს ყველაფერი ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებული. ხაინდრავას მიერ გახმაურებული დარღვევების გარდა მათთან მიმართებაში, ამ ტიპის შეკითხვებიც არსებობს. არასამთავრობოებზე მსჯელობა თავის დროზე არ შეიძლებოდა და ტაბუდადებული იყო. მათი პერსონალიები რაღაც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. მე მივესალმები, რომ ეს კარტი გაიხსნას. არაფერს არ უნდა ედოს ტაბუ“,- აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გუშინ „კვირას“ პრესკლუბში ლომჯარიას, გიგაურისა და კოჟორიძის პოლიტიკურ კორუფციულ სქემებში მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
ხაინდრავამ შვედეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე ისაუბრა, რომლითაც, მისივე თქმით, საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამები უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა, როგორც რეჟისორმა განმარტა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამონაწილეობით, ის საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ნაწილდებოდა.
ხაინდრავა განმარტავს, რომ ბილდტის დახმარებით, შვედეთის ბიუჯეტის ფული საქართველოში ორი ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება, ესენია – “NDI” და „ევრაზიის ფონდი“. ამ ორი ორგანიზაციის მეშვეობით კი 3 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაში ნაწილდება.
„ბილდტის დახმარებით შვედეთის ბიუჯეტის ფული საქართველოში ორი ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება, ესენია: NDI და „ევრაზიის ფონდი“. ამ ორი ორგანიზაციის მეშვეობით კი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ნაწილდება. NDI -ის ფონდს ლუის ნავარო ხელმძღვანელობდა, რომელიც, თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი იყო და მის მიერ ჩატარებული ყველა კვლევა გაყალბებული იყო. ეს თანხები რამდენიმე ორგანიზაციაზე ნაწილდებოდა. „სიდა“- დან ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციაში პირდაპირ წერია – 16 მილიონი კრონა გამოყოფილია სამ ორგანიზაციაზე: „თავისუფალი არჩევნები“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ . სიღარიბის დაძლევის პროგრამას, რომელსაც „სიდა“ აფინანსებს, არანაირი კავშირი არა აქვს იმ კვლევებთან, რომელსაც ეს არასამთავრობოები NDI-ის დავალებით ატარებენ. ფული იხარჯებოდა პოლიტიკოსების გაზრდაზე, მათი წინასაარჩევნო კამპანიების განხორციელებაზე და არა სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური კორუფციის სქემებია“,- განაცხადა გოგა ხაინდარავამ.