ვაზაგაშვილების ადვოკატი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება ახლოს არის
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, დღეს პროკურატურაში საგამოძიებო გუნდთან შეხვედრას გამართავს,- ამის შესახებ მოსიაშვილმა საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
როგორც ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა განმარტა, იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაში წინსვლაა. მისი თქმით, პროკურატურა სწრაფი ტემპით მუშაობს. მოსიაშვილის თქმით, საქმეში გარკვეული მნიშვნელოვანი დეტალია, თუმცა ადვოკატმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ სიახლეებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„ ჩვენი მიზანია ობიექტური რეალობა დადგინდეს. გარკვეული სახის ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არის მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ ვერ გავახმაურებთ. არ შეიძლება ინფორმაციის გამჟღავნება მანამ, სანამ არ მოხდება მათი გადამოწმება. დაცვის მხარე დღეს გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის პროკურატურას. არის წინსვლა. თუმცა რა სახის წინსვლაა, ჯერ საზოგადოებასთან ვერ გავამჟღავნებთ. ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დღემდე ტარდება. საქმე შესაძლებელია 2, 3 ან 6 თვეში გაიხსნას, ამას ზუსტად ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება ახლოს არის“,- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მანვე კომენტარი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაზეც გააკეთა, მისი თქმით, 2006 წლის გამოძიების ვერსია ტენდენციური და არასწორი იყო.
„ ეს იყო არასწორი მიმართულება და საქმესთან ამგვარი მიდგომა მავანთა ინტერესი იყო“,- აღნიშნა ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა.