გოგლა ჟვანია: პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულს სჩადიოდნენ, დალხენილად გრძნობენ თავს
უნდა დაიწყოს სახელმწიფო ორგანოების იმ ადამიანებისგან წმენდა, რომლებიც სჩადიოდნენ დანაშაულს, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულს სჩადიოდნენ, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში ახლაც სერიოზულ თანამდებობაზე არიან.
“ელემენტარულად, უნდა დაიწყოს სახელმწიფო ორგანოების იმ ადამიანებისგან წმენდა, რომლებიც სჩადიოდნენ დანაშაულს. ერთ-ერთია სასამართლო სისტემა. როცა სამართლის აღსრულებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, სამართლის აღსრულებას ახორციელებდნენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ დანაშაულის ჩადენით იყვნენ დაკავებულები. როგორ შეიძლება იგივე მოსამართლემ დღეს გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება? ჩვენ გვჭირდება სერიოზული რეფორმები, ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული რეფორმები, ელემენტარულად, ადამიანები უნდა გამოიცვალონ. ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ველოდოთ, ვის როდის ამოეწურება ვადა? ყოველდღიურად დგება ათასნაირი განაჩენი, უამრავი საქმე იხილება. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს დაუსჯელი, რომელიც სჩადიოდა ბოროტებას? როგორ გვინდა, ვიცხოვროთ ნორმალურ საზოგადოებაში, თუ ბოროტების ჩამდენი ადამიანები პასუხს არაფერზე აგებენ? 300 ათას ადამიანს შეეხო ეს რეპრესიები, ეს არის უზარმაზარი მასშტაბის დანაშაული. ამას სჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები და მათი ნაწილი დღესაც ხელისუფლებაშია. ისინი სხვადასხვა სტრუქტურებში, საკმაოდ სერიოზულ თანამდებობეზე რჩებიან და საკმაოდ დალხენილად გრძნობენ თავს”, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.