ვინ არის ირაკლი ფირცხალავას ძმა და რა კავშირშია ის „კორტების საქმესთან“?
ვინ არის ირაკლი ფირცხალავას ძმა და რა კავშირშია ის „კორტების საქმესთან“?, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
გამოცემა ე.წ. კორტების საქმის ერთ-ერთ ვერსიაზე წერს.
„ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ძმასთან კონფლიქტს შეეწირნენ, ეს კონფლიქტი კი ნარკოტიკების საქმეს უკავშირდებოდა. კონფლიქტი ძალიან გამწვავდა და მათ ანგარიში ამის გამო თავად ირაკლი ფირცხალავამ გაუსწორა“, – წერს „პრაიმტაიმი“.
ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დაახლოებით ახლა უკვე გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილთან ორი წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
– თუ ფლობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რას საქმიანობს ირაკლი ფირცხალავას ძმა?
– ლევან ფირცხალავა კოდუას ხალხს ჰყავდა დაკავებული ნარკოტიკებზე და მის ჩავარდნას აბრალებდნენ ფუთურიძეს, ან ხუბულოვს. კიდევ გეტყვით, რომ ეს ლევან ფირცხალავა არამარტო ასაღებდა ნარკოტიკს, თავად იყო გამოუსწორებელი ნარკომანი. მათი მამა ფინანსური განყოფილების უფროსი გახლდათ უშიშროებაში, მერე შსს-ში, მათი დეიდაშვილის შესახებ უკვე მოგახსენეთ, რომლის საიდუმლო მიწერ-მოწერებიც გვაქვს… ერთი სიტყვით, ყაჩაღია, რა. ეს იყო მიშასა და ვანოს ხელისბიჭი. რა ვერსიაც თქვენ მითხარით, ამის შესახებ ინფორმირებული ვარ.
– იმასაც ამბობენ, რომ ამ ბიჭებისგან რომელიღაც შსს-ში ფირცხალავასთან და მის გუნდთან დაპირისპირებულ დაჯგუფებასთან თანამშრომლობდა და…
– ვიცი, რასაც მეუბნებით. ამის დადასტურება შეუძლია მთავარ პროკურორს, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო მასალებზე, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, ვინ ვისთან თანამშრომლობდა…
ბუნებრივია, პროკურატურიდან საიდუმლო ინფორმაციას არავინ გააჟღერებს პრესაში, ამიტომაც „პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა, თავად ირაკლი ფირცხალავასთან გადაემოწმებინა ეს ვერსია.
ირაკლი ფირცხალავა:
– თქვენი ძმა მართლა იყო დაკავებული ნარკოდანაშაულზე?
– ვინ გითხრათ ეს?.. ჩემი ძმა ნამდვილად იყო დაკავებული. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა (ალბათ, უნდოდა ეთქვა „შეეფარდა“. – მ.ნ.).
– მიესაჯაო, რომ ამბობთ, ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობთ?
– არა… ორი თვე იჯდა. შემდეგში გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება და პირობითი მსჯავრი მოიხადა. ამის შემდეგ ჩემი ძმა დაკავებული არ ყოფილა. ჩემი ძმა არის უკეთილშობილესი ადამიანი თავისი ცხოვრების წესით. ჰყავს ორი არაჩვეულებრივი ბავშვი. ამ ფაქტის შემდგომ მას რაიმე შეხება დანაშაულთან არ ჰქონია.
– თქვენი ძმა ნარკოტიკების მოხმარებაზე დააკავეს, თუ რეალიზაციის გამო?
– რა რეალიზაციის, ტო!.. მოხმარებაზე იყო დაკავებული. ამაზე არავის არ იჭერდნენ და წინასწარ პატიმრობას არ აძლევდნენ. მარტო ჩემს ძმას მისცეს წინასწარი პატიმრობა. ორი თვე ციხეში გაატარა. ის უპატიოსნესი, უწესიერესი ადამიანია. ამის შემდეგ მას არანაირი შეხება ნარკოტიკებთან აღარ ჰქონია. ცხოვრობს თავისი ცხოვრებით.
– არავის არ იჭერდნენ და ჩემი ძმა დაიჭირესო, – ამბობთ… ამით რამეს გინდათ ხაზი გაუსვათ?
– ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ჩვენ ხელს არ ვაფარებდით საკუთარ ოჯახის წევრებს.
– მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც აძლევთ მნიშვნელობას იმას, რომ მაინცდამაინც თქვენი ძმა დაიჭირეს…
– მან დააშავა და დაიჭირეს. თუმცა ის მკაცრად დაისაჯა მარტო იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის წევრი იყო.
– იქნებ იმიტომ შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, რომ ადმინისტრაციული სასჯელის შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა ეს დანაშაული. სისხლის სამართლის წესით მხოლოდ ასე ისჯება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი…
– მსგავსი ფაქტი მანამდე არ ყოფილა. ეს იყო პირველი შემთხვევა და მაშინაც ასე სამაგალითოდ დაისაჯა. ამის შემდეგ მას ნარკოდანაშაულთან შეხება რომ არ ჰქონია, ყველა დაგიდასტურებთ ამას.
– არადა, არსებობს ვერსია, რომ კორტების საქმე სწორედ ნარკოტიკებთან დაკავშირებით სხვადასხვა ჯგუფის დაპირისპირებას უკავშირდება.
– ჩემს ძმას არანაირი კავშირი არ ჰქონია დამნაშავეთა სამყაროსთან. არ იცნობდა ხუბულოვს და სხვა მის მსგავსებს…
– თქვენი ძმა ერთადერთი არ არის, ვისმა სახელმაც თქვენი ოჯახის წევრებიდან გაიჟღერა. ცოტნე გამსახურდია ირწმუნება, რომ ბიზნესმენმა ილია კოკაიამ მილიონის ღირებულების ქონება ძალოვნების ძალდატანებით თქვენი მეუღლის სახელზე გადააფორმა…
– მიჩუქებია ცოტნესთვის ეს მილიონები. მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი ბუმბერაზი კაცის შვილი ისე დაეცემოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს შეეხებოდა… ცოტნემ მიხედოს თავის კრიმინალურ წარსულს… თუ სხვა მტკიცებულება აქვს, გამოაქვეყნოს…
– კიდევ ერთი თქვენი ნათესავი, კონკრეტულად კი დეიდაშვილი, ირინა ყიფიანი ახსენა ადრე ჩვენთან ინტერვიუში იური ვაზაგაშვილმა, რომელიც შსს-ს ადმინისტრაციაში მუშაობდა და თქვენს გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდა.
– ის არ ყოფილა ადმინისტრაციის თანამშრომელი. ის მუშაობდა თანაშემწედ.
– ვის თანაშემწედ?
– კრიმინალურ დეპარტამენტში, თუ არ ვცდები. ის იქ მას შემდეგ დაინიშნა, რაც მე წამოვედი სამინისტროდან. ვის უნდა უმფარველოს? უბრალო თანაშემწეა…
გამოცემა მკითხველს განვუმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ისჯება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში – პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
„შესაბამისად, თუ ირაკლი ფირცხალავას დავუჯერებთ და ვირწმუნებთ, რომ ლევან ფირცხალავა, მართლაც, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის პირველად დაიჭირეს და სამაგალითოდ დასაჯეს, გამოდის, რომ მაშინდელ შსს-ს კანონი დაურღვევია და ფირცხალავების ოჯახს თავისუფლად შეუძლია უკანონო პატიმრობისთვის იჩივლონ. მეორე მხრივ კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების განმეორებითი ფაქტია ადმინისტრაციული სასჯელის, ან სახდელის შემდეგ, მაშინ მისი სამაგალითო დასჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა და არა წინასწარი პატიმრობის შემდეგ პირობითით სახლში გაშვება. ამდენად, ეს კოდექსი მკითხველს აძლევს საშუალებას, ეჭვი შეიტანოს ირაკლი ფირცხალავას გულწრფელობაში“, – წერს „პრაიმტაიმი“.