ელიზბარ ჯაველიძე: თუ პარლამენტი გიგლა აგულაშვილის კანონპროექტს მიიღებს, ქართველი ერი სამუდამოდ გადაშენდება
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე პარლამენტის უმრავლესობის წევრს გიგლა აგულაშვილს უპირისპირდება.
როგორც აკადემიკოსი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, თუ პარლამენტი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, გიგლა აგულაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებულ კანონპროექტს მიიღებს, რომელიც უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის წესს არეგულირებს, ახლო მომავალში ქართული სახელმწიფო არსებობას დაასრულებს, ხოლო ქართველი ერი სამუდამოდ გადაშენდება.
ელიზბარ ჯაველიძის განცხადებითვე, საქართველოში 1 ჰექტარი ფართობი მიწის ფასი 80 დოლარიდან იწყება, მაშინ როცა პოლონეთში საწყისი ფასი 19 ათასი ევროა, ხოლო ინდოეთში 40 ათას დოლარს აღწევს.
„წარმოიდგინეთ, რა საშინელება დატრიალდება იმ დღიდან, როგორც კი საქართველოს პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს: ინდოელი მემამულე საკუთარ სამშობლოში 1 ჰექტარს გაყიდის და იმ ფასად საქართველოში 400 ჰექტარ მიწის ფართობს შეიძენს“, – განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
როგორც აკადემიკოსი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, როცა ხელისუფლება მიწის გასხვისებით ფულის შოვნას შეუდგება, მას უკვე პირდაპირ ეროვნული ინტერესების მტრის სტატუსი უნდა მიენიჭოს.