„ვაზაგაშვილის საქმეში ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მის მიმართ კანონი აღსრულდება“

საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს მან მოითხოვა კონკრეტულ ადამიანთა სია, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში თუნდაც ირიბად მონაწილეობდნენ, კომენტარი გააკეთა.
როგორც შს მინისტრმა გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, გამოძიების დასრულებამდე ეჭვის დონეზე ადამიანების სამსახურიდან გავათავისუფლება სწორი არ იქნება.
მისი თქმით, თუ ვინმეს მიმართ ბრალი გამოიკვეთება, მის მიმართ კანონი აღსრულდება.
“მიმდინარეობს გამოძიება, მე ბრალს ვერავის დავდებ, თუნდაც ავიღოთ ვაზაგაშვილის საქმე. თუ ვინმეს მიმართ ბრალი გამოიკვეთება, მის მიმართ კანონი აღსრულდება. ბრალს უყენებს პროკურატურა, ეჭვის დონეზე ჩვენ რომ ადამიანები სამსახურიდან გავათავისუფლოთ, სწორი არ იქნება. ბატონმა იური ვაზაგაშვილმა დაასახელა რამდენიმე პირი და კატეგორიულად ითხოვდა მათი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მათ გვარებს უკვე აღარ გავიმეორებ, უკვე ყველამ იცის. მოხდა მათი სამსახურებიდან გათავისუფლება, დანარჩენების შემთხვევაში, თუკი პროკურატურა გამოკვეთავს, რომ ისინი არიან დამნაშავენი, ყველა დაისჯება. თუ ადამიანს ბრალი არ მიუძღვის და ვიღაცამ ბატონ იურის მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ ესა თუ ის პიროვნება იმყოფებოდა სპეცოპერაციის დროს. იმ ავბედით დღეს, ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და ყველას ვერ დასჯი. მაგრამ ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, დანაშაული დაფარეს და პროკურატურა დაუმტკიცებს ამ დანაშაულს, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან და სად მუშაობენ, დაისჯებიან. ჩვენ შვილები გვეზრდება და დამნაშავეებს ხელი არ უნდა დააფარო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, იური ვაზაგაშვილი გაცილებით ადრე ელოდა მისი შვილის საქმის გამოძიებას, პროკურატურა ამაზე მუშაობდა.
“ბატონ იურის დიდ პატივს ვცემდი და შევხვედრილიც ვარ, მტერს არ ვუსურვებ, რაც მას დაემართა, როცა მისი შვილი ჩაცხრილეს. ხოლო ბატონი იურის საზარელი მკვლელობა ყველასთვის შოკი იყო. ბატონი იური უფრო ადრე ელოდა მისი შვილის საქმის გამოძიებას. პროკურატურა ამაზე მუშაობდა. ისიც კი დაგვაბრალეს, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო და შემდეგ პროკურატურამ წაიღო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. თავიდანვე პროკურატურამ დაიწყო საქმის ძიება“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები