„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და რაზე არის ის ძალაუფლებისთვის წამსვლელი!“
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რაზეა წამსვლელი ძალაუფლებისთვის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს კანცელარიის ყოფილი უფროსის პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც პეტრე მამრაძე გამოცემასთან აცხადებს, ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თვალნათლივ დაინახა, რომ ის სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის მიერ შექმნილი სისტემის მძევალია, რომლებიც „ქოცებმა“ ხელუხლებელი დატოვეს და კარგადაც მოირგეს.
მამრაძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზეც დაგეგმოს.
„იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად შეაშფოთა – ეს მას სახეზე ეწერა და ეს აშკარად არ იყო მხოლოდ ტერაქტით მოკლული ადამიანისადმი თანაგრძნობა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და რაზე არის ის ძალაუფლებისთვის წამსვლელი! გაიხსენეთ, ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება: სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილზე მითხრა, ლიბანის პრემიერ ჰარირივით მანქანაში ააფეთქეო. ვინც სააკაშვილს იცნობს, ეს მისთვის წარმოუდგენელი სულაც არ არის, ამდენად, არ გამიკვირდება ექსპრეზიდენტმა თავდასხმა ივანიშვილზეც დაგეგმოს“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
პოლიტოლოგის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და ტელეინტერვიუში მან სწორედ ის „სიმართლე“ გაახმოვანა, რასაც მას აწვდიან – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“.