ნინო ბურჯანაძე ბოდიშს იხდის
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე სიტყვა “დაუნიზმის” გამოყენებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის. აღნიშნულის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათი განმარტებით, ბურჯანაძის მიერ აღნიშნული სიტყვის გამოყენება იყო მექანიკური შეცდომა და არ ისახავდა მიზნად დაუნის სინდრომის მქონეთათვის ტკივილის მიყენებას.
“ნინო ბურჯანაძე რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დაშვებული მექანიკური გადაცდომის გამო წუხილს გამოთქვამს და ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნებლიედ ტკივილი მიაყენა. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს იყო შეცდომა და ნამდვილად არ ისახავდა მიზნად ადამიანებისთვის, მით უფრო დაუნის სინდრომის მქონეთათვის ტკივილის მიყენებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძემ 30 იანვარს 17:00 საათიანი ქრონიკის ეთერში Human Rights Watch-ის ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ “ხელისუფლების დაუნიზმზე საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი რეაქცია ექნებოდა”.
“ეს ანგარიში არის კატასტროფული ჩვენი ხელისუფლებისათვის. ეს არის ნამდვილად ამ ხელისუფლების უუნარობის შედეგი და ი,ს როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ თურმე Human Rights Watch აყვა ოპოზიციური პარტიის პროპაგანდას, კიდევ უფრო სამარცხვინოა. ოპოზიციური პარტიისთვის უფრო რთულია ასეთი ორგანიზაციებისათვის თავზე პროპაგანდის მოხვევა, ვიდრე ხელისუფლებისათვის. ხელისუფლება რომ ოდნავ რაიმე უნარის მქონე იყოს, მას რომ ჰქონდეს ელემენტარული ცოდნა და გამოცდილება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იმოქმედოს, Human Rights Watch-ს ექნებოდა ასეთ შემთხვევაში ობიექტური ინფორმაცია. არავის პროპაგანდას არ აყვებოდა და თუ ეს ორგანიზაცია არის შეცდომაში შეყვანილი, ეს არის არა “ნაციონალური მოძრაობის” და ვინმეს ბრალი, არამედ ამ ხელისუფლების სრული პოლიტიკური იმპოტენციის და უუნარობის ბრალი. სულაც არ არის გასაკვირი ამ ტიპის განცხადებები ამ ორგანიზაციისგან და მის ანალიზში მოხვედრა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს წაუყენებ იმ ბრალდებებს, რა ბრალდებებიც წაუყენეს და როდესაც დაუყადაღებ ბებიამისის 12 წლის მანქანას. ამ დაუნიზმზე შესაბამისი რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას. მაპატიოს საზოგადოებამ ამ სიტყვების გამოყენებისთვის”, – განაცხადა ბურჯანაძემ.