ნინო ბურჯანაძეს ქსენოფობიაში ადანაშაულებენ
ორგანიზაცია „მზის შვილების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ინგა ლოლაძე „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ქსენოფობიური გამონათქვამის გამო უპირისპირდება. როგორც „კვირას“ ინგა ლოლაძემ განუცხადა, ნინო ბურჯანაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დაუნის სინდრომით დაბადებულ მილიონობით ადამიანს. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძის განცხადების გამო, ის შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, როგორც დედა, რომელსაც დაუნის სინდრომით დაბადებული შვილი ჰყავს.
„დიდ ბოდიშს ვიხდი იმ არაკორექტული მიმართვის გამო, რომელსაც ქვემოთ გავაკეთებ, მაგრამ, როდემდე? ნინო ბურჯანაძე, სიტყვა ქალბატონო-თი მომართვა ამ შემთხვევაში ზედმეტად მეჩვენება – რომელ მორალზე და რომელ რეაქციებზე ლაპარარაკობთ? საერთაშორისო ორგანიზაციებმა რომ თქვენი ეს მიმართვა წაიკითხონ, ალბათ იმ მოსალოდნელ რეაქციას გულისხმობთ? განათლებულ და ერუდირებულ პოლიტიკოსად მოგაქვთ თავი, თუმცა შინაგანი განათლება აშკარად გაკლიათ. მჭევრმეტყველებით არც ადრე გამოირჩეოდით და ამ თქვენმა განცხადებამ ხომ სულ წყალს გაატანა თქვენ მიერ დაზუთხული თეზისები და კანონები. თუ ცოტა ხნით მაინც პოლიტიკოსის მანტიას შემოიძარცვავთ და ნებას იბოძებთ და საკუთარი განათლების დონის ასამაღლებლად ცოტა დროს გამონახავთ, აუცილებლად გაიგებთ, რომ დაუნიზმი, როგორც ასეთი, არ არსებობს. არიან დაუნის სინდრომით დაბადებული ადამიანები და თქვენ ამ ადამიანებს თქვენი არაკორექტული და ქსენოფობიური განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენეთ. ბოდიში? არა, პირადად მე, დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვის დედა, თქვენგან ბოდიშს არ მივიღებ!!!“ – განუცხადა „კვირას“ ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ.
მისი თქმით, ორგანიზაცია „მზის შვილები“ დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვების პრობლემებზე მუშაობს. როგორც ლოლაძე აცხადებს, იგი ნინო ბურჯანაძეს დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვის მშობლის სახელით უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა. ექვსგვერდიანი დასკვნა ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. მათ შორის დასახელებულია თვითმმართველობის არჩევნებამდე ზეწოლა ოპოზიციის კანდიდატებზე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ცემის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივ დევნაზე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. ნინო ბურჯანაძემ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მაღლჩინოსნების მიმართ კომენტარი გააკეთა.
„სააკაშვილს რომ წაუყენებ იმ ბრალდებას, რა ბრალდებებიც წაუყენეს. როცა დაუყადაღეს ბებიამისის 12 წლის მანქანას, რა თქმა უნდა, უნდა ელოდო, რომ ამ დაუნიზმზე, დაუნიზმზე მართლა, მაპატიოს საზოგადოებამ ამ სიტყვების გამოთქმისთვის, შესაბამისი რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ , რომელიც დღის 17.00 საათზე იხილა მაყურებელმა.