დავით პატარაია – საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განუცხადა, რომელმაც ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრა შეაჯამა.
როგორც დავით პატარაიამ განმარტა, შეხვედრაზე საუბრის თემა სწორედ საარჩევნო თემატიკა იყო.
“დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი დაისვა. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თემაზე. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება, ანუ საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ჩართული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი. დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დღეს ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ აზრით, საარჩევნო კანონმდებლობა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა უკეთ იყოს უზრუნველყოფილი” – განაცხადა დავით პატარაიამ. შეხვედრაზე არასაპარლამენტო ოპოზიციისგან დაკომპლექტებული ჯგუფის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე საკუთარი ხედვა გააცნეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერპარტიული ჯგუფი ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს.