პრემიერი: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა უაღრესად აფასებს ალიანსის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ნატო-ს ქმედით ჩართულობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.
„მიგვაჩნია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უელსის სამიტზე მიღებული უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესრულებისკენ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმა. ვთანხმდებით, რომ პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელება დაგვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან, ალიანსში გაწევრიანებასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში ბოლო არჩევნების შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე. ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია.
„აღსანიშნავია ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბოლო არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ მომწიფებულ დემოკრატიას და მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, განაგრძეთ ამ მიმართულებით სვლა. ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სფეროს, კანონის უზენაესობის თუ მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს.