„არასამთავრობო სექტორი საქართველოში თავისუფალი დარჩება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცდება“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებზე ისაუბრა. უსუფაშვილის შეფასებით, არასამთავრობო სექტორი თავისუფალი იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცდება.
“მთავარია, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება და ყველას ჰქონდეს საშუალება იმისა, გამოთქვას საკუთარი აზრი და სხვამ ამ აზრზე – კიდევ თავისი აზრი.
არა მგონია, ვინმე მიზნად და ამოცანად ვინმეს პიროვნულ შესწავლას ისახავდეს. ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები, მოვლენები ყველასათვის საინტერესოა, ამიტომ თუკი ამა თუ იმ თემაზე მეტი მოსაზრებები გვექნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან არავის არ ეკუთვნის ჭეშმარიტებაზე მონოპოლია და არც არავინ აცხადებს ამაზე პრეტენზიას. ამიტომ ყველას გვაქვს ჩვენი აზრის გამოხატვის საშუალება. რაც შეეხება ზეწოლას, ამას დასაბუთება სჭირდება. მე რომ გითხრათ, რომ თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს ზეწოლა არ არის – ეს ჩემი აზრია, რომელიც უნდა მეთქვა, ან არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუკი ხელიდან მიკროფონს გამოგართმევთ, მაშინ ზეწოლას ექნება ადგილი. ასე რომ, არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, დარჩება თავისუფალი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცდება, ისევე როგორც პოლიტიკოსები – ხან ვცდებით, ხან სწორს ვლაპარაკობთ, მაგრამ თავისუფალნი ვრჩებით. მთავარია უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება. დანარჩენი, ყველას აქვს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას, სხვამ ამ აზრზე – კიდევ თავისი აზრი გამოთქვას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.