„უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე აპოლიტიკური არ უნდა იყოს“
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესახებ ისაუბრა.
კობახიძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე აპოლიტიკური არ უნდა იყოს.
„უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე აპოლიტიკური ადამიანი არ უნდა იყოს. მიზანშეწონილი იქნება, რომ მას პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდეს. მას პოლიტიკურ პროცესებზე თავისი ჩამოყალიბებული შეხედულებები უნდა ჰქონდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ახალ თავმჯდომარეს დიდი გამოცდა ელის, მას ხვდება სისტემა, რომელშიც ძალიან ბევრი პრობლემაა. მას მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ თემებზე არ მოუწევს მუშაობა, ბევრი სირთულეა. არიან ადამიანები, რომლებიც პრობლემების შექმნას შეეცდებიან. აქედან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს რესურსი იმისა, რომ თვისობრივად შეცვალოს სასამართლო სისტემაში ის, რისი შეცვლის აუცილებლობაც არსებობს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს აღნიშნულ პოსტზე ვადა თებერვალში ეწურება.