„ქართული ოცნების“ წარმატების შანსებზე არჩევნების ჩატარების თარიღი არ იმოქმედებს“
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, ვარაუდობს, რომ არჩევნების ჩატარების თარიღი პარტია „ქართული ოცნების“ წარმატების შანსებზე დიდად ვერ იმოქმედებს.
„გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პირობა შექმნას. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. პარტიის წარმატების შანსებზეც არჩევნების ჩატარების თარიღი დიდად არ იმოქმედებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, კოალიციაში სხვადასხვა ცვლილება განხორციელდეს.
„პარტია კოალიციურ ფორმატში აგრძელებს მუშაობას და სხვა სცენარი მოცემულ მომენტში არ განიხილება. შეიძლება ახალი სუბიექტიც დაემატოს კოალიციას, შეიძლება სხვაგვარი ცვლილება განხორციელდეს… ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვიქნებით “,- აღნიშნა კობახიძემ.