დავით ბაქრაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდერ ვერშბოუსთან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის უკანასკნელ სხდომაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოს 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების საკითხი, ალიანსმა მაღალი შეფასება მიანიჭა საქართველოს მთავრობის მიერ წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელების შედეგებს.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე. აქცენტი გაკეთდა უახლოეს მომავალში განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებსა და ამ საკითხების განხილვის კონტექსტში თებერვალში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მნიშვნელობაზე. აგრეთვე, ხაზი გაესვა მოკავშირეების მხრიდან სრულ მზადყოფნას პაკეტის დროული და ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესში ჩართვის თაობაზე.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, კერძოდ, რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერის ფაქტიდან და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმთან ანალოგიური ე.წ. ხელშეკრულების დადების განზრახვიდან გამომდინარე საფრთხეებზე. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ე.წ. შეთანხმებები საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია და მადლობა გადაუხადა ალექსანდერ ვერშბოუს ნატო-ს მტკიცე პოზიციისთვის ამ საკითხთან მიმართებით.
„ჩვენ შევეხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს გააჩნია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ნატოსი და მისი წევრი ქვეყნების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, მისი სუვერენიტეტისადმი და შეთანხმებული პოზიცია იმ პოლიტიკისადმი, რომელიც უნდა გავატაროთ ამ გამოწვევებთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახითხებში სახელმწიფო მინისტრმა.