მინდია ჯანელიძე ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დელეგაციას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა.
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან ერთად დელეგაციის წევრებს შეხვდა.
დიდი ბრიტანეთის დელეგაციას უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსი დევიდ კლარკი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური მრჩეველი სტეფან გლოვერიც დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. საუბრისას, აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის, სამხედრო პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტის, ინფრასტრუქტურული პროექტების, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს დაეთმო.
შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.