„მოქალექეებს დაუცველობის შეგრძნებას ის ფაქტი უტოვებს, გივი თარგამაძე და როლანდ ახალაია რომ დღეს დეპუტატები არიან“


მოქალექეებს დაუცველობის შეგრძნებას ის ფაქტი უტოვებს, გივი თარგამაძე და როლანდ ახალაია რომ დღეს დეპუტატები არიან,
– ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა. უმრავლესობის წევრის განცხადებით, საზოგადოებაში შექმნილი დაუცველობის ფონი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება.
„ნამდვილად იქნება დაუცველობის შეგრძნება ქვეყანაში, ნამდვილად ექნებათ ეს განცდა მოქალაქეებს, როდესაც მართლმსაჯულებას და სასამართლოს გაურბის ადეიშვილი, როდესაც პასუხისმგებლობას გაურბის სააკაშვილი და ისინი თავისუფლებაში არიან. პრობლემა გახლავთ ის, რომ დათა ახალაია გაურბის პასუხისმგებლობას, კეზერაშვილი, თოფურიძე, მეგის ქარდავა და ეს ძალიან დიდი სიაა.
მოქალექეებს დაუცველობის შეგრძნებას უტოვებს ის ფაქტი, როდესაც დღეს გივი თარგამაძე არის დეპუტატი, როდესაც ახალაია არის დეპუტატი და ის პოლიტიკოსად მიიჩნევა. არადა მის წარსულთან ყველამ კარგად ვიცით, რაც ასოცირდება. ეს არის რეალობა.
ზოგადად რა ფონიც იქმნება საზოგადოებაში, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში ჩადენილი დანაშაულებები და ეს ფონი დღემდე გრძელდება. ის, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს, ეს არ არის დღეს ჩადენილი დანაშაული. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან. პირდაპირ არის დაკავშირებული მისი შვილის საქმესთან, რომელიც არ გამოიძიეს და მიხეილ სააკაშვილი, ყოველი სატელევიზიო ჩართვისას ვაზაგაშვილებს როგორც კრიმინალებს ისე მოიხსენიებდა, როგორც მამას, ასევე შვილს. დღეს, ძალიან უხერხულია და ძალიან ცინიკურია, როდესაც გივი თარგამაძე გამოდის და იური ვაზაგაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისის შექმნას ითხოვს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ „რუსთავი 2“- ს პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები