ეკა ბესელია ევროსაბჭოს ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ეკა ბესელია ევროპის საბჭოს, ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის, ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
პარლამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ბესელიას კანდიდატურა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ პირადად წარადგინა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად, ახალი – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტი დღეს დილით შეიქმნა. კომიტეტში წინასწარი შერჩევით ძირითად წევრად ეკა ბესელია პოლიტიკურმა ჯგუფმა წარადგინა.
“კომიტეტი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ირჩევს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეებს. 2015 წელს ახლად შექმნილმა მთავარმა კომიტეტმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 15 წევრი უნდა აირჩიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამავე დროს კომიტეტი ქვეკომიტეტის საშუალებით ამოწმებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შესაბამის ქვეყნებში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ძირითადი წევრიც არის”, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.
მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომები ამ კვირაში ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები