ვახტანგ ხმალაძე: ვახტანგ გომელაურზე მხოლოდ კარგი მსმენია
ვახტანგ გომელაურს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც მასზე სხვადასხვა დროს მსმენია, ჯერ კიდევ მანამ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდებოდა, მხოლოდ კარგი გამიგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღის წესრიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხი დგას. მისი თქმით, იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება რეფორმირების პროცესი, შესაძლებელი იქნება ახალი შს მინისტრის მოქმედებების შეფასება.
„ერთია საკადრო პოლიტიკა, მეორე, თვითონ სამინისტროს მუშაობის პოლიტიკა და ნუ დაგვავიწყდება, რომ დღის წესრიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხი დგას, კერძოდ, უშიშროების სამსახურის გამოყოფა შსს-დან. მინისტრის პოზიცია აქაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს სწორად, ისე როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება უკეთესი. იმისდა მიხედვით, თუ როგორ წავა ეს პროცესი, უკვე პოლიტიკოსებსაც და საზოგადოებასაც საშუალება ექნებათ, მინისტრის მოქმედებები შეაფასონ. ესეც საკმაოდ სწრაფად გამოჩნდება“, – აცხადებს ხმალაძე.