ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის ატაშეებს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დიპლომატებს 2014 წლის ანგარიში წარუდგინა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
გენერალ-მაიორმა საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო, მათ შორის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა, საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის საკითხები, სამხედრო განათლება და წვრთნა. შტაბის უფროსმა სტუმრებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკები, რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები