ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მადლობის წერილი მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წერილში შტაინმაიერი პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის მასპინძლობისთვის და აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტი საქართველო-გერმანიის უნაკლო მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს.
„ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მინდა, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ინტენსიური საუბრისათვის თბილისში ჩემი ყოფნის დროს. ეს ვიზიტი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის უნაკლო მეგობრული ურთიერთობების გამოხატულება და პირადად ჩემთვის ძალიან სასარგებლო.
გარდა ამისა, თქვენი შეფასება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციისა, განსაკუთრებით რუსეთის ეკონომიკასა და უკრაინაში მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დამეხმარა შემდგომი კვირების განმავლობაში მდგომარეობის შეფასებაში.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ გამომეხატა სოლიდარობა თქვენი ქვეყნის მიმართ. მადლობელი ვარ, რომ სოლიდარობის ეს გამოხატულება ასეთი კმაყოფილებით იქნა მიღებული.
თქვენთან საუბრისას ჩემთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. ამიტომ, დაბრუნებისთანავე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, კიდევ უფრო მეტი მონდომებით მიდგომოდნენ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს“, – ნათქვამია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები საქართველოსთან ევროკავშირის ფარგლებშიც კიდევ უფრო განვითარდეს და იმედოვნებს, რომ მომავალი წლები ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი იმპულსების მომცემი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები