სოსო რობაქიძე: თუ ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ, სხვებიც უნდა გადადგნენ

ეს არის მინისტრის სწორი გადაწყვეტილება – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ, სხვა თანამდებობის პირებიც უნდა გადადგნენ.
„არა მარტო ჭიკაიძე უნდა გადადგეს, თუ ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ, ჩემი აზრით, უნდა გადადგნენ პროკურატურის თანამდებობის პირებიც. ეს არის მინისტრის სწორი გადაწყვეტილება, რომ გადადგა. ეს არ არის საკმარისი, საქმე უნდა გაიხსნას“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებით პრემიერს დღეს მიმართა. “მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები