ირაკლი ღარიბაშვილი ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნას დააკმაყოფილებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, შსს მინისტრმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
“ლექსო ჭიკაიძე არის ღირსეული პოლიციელი. მან მომმართა თხოვნით, რომ დავაკმაყოფილო მისი განცხადება გადადგომის თაობაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული ადამიანი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი და ღირსეული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის. ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკაში სხვა სტანდარტები დაამკვიდრა, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
“ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მთავარია ემსახუროს ხალხს, ქვეყანას. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ვიქნებით ხელისუფლებაში . ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ–მინისტრის თქმით, პროკურატურა მუშაობს ვაზაგაშვილის საქმეზე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობა ჩაიდინა.
ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, იგი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს.