ირმა ჭკადუა: იური ვაზაგაშვილის საქმეში, შესაძლოა, საერთაშორისო გამომძიებლები და ექსპერტები ჩაერთონ

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, შესაძლოა, იური ვაზაგაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტები და გამომძიებლები ჩაერთონ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. „ეს არის ურთულესი საქმე და ვფიქრობ სერიოზული ძალისხმევა დასჭირდებათ სამართალდამცავებს. ამიტომ შესაძლოა მათ ჩართონ საერთაშორისო გამოცდილების მქონე გამომძიებლები და ექსპერტები. ვინაიდან შესაძლოა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავებმა ვერ გაართვან თავი, რადგან ბუნებით და შინაარსით აღნიშნული საქმე არის ურთულესი და უმძიმესი“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ირმა ჭკადუამ, გავრცელებული ვერსია, თითქოს იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მის ბიზნესს უკავშირდება, უარყო. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, ვაზაგაშვილს არავითარი ბიზნესი არ ჰქონია. „მის ოჯახს მხოლოდ ჩვეულებრივი სუპერმარკეტი აქვს, რომელიც ყველამ იცის. გამორიცხულია ვერსია, რომ მკვლელობა უკავშირდება მის ბიზნესს“ – განმარტა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის თქმითვე, ვაზაგაშვილი სწორედ იმ პირებმა მოკლეს, რომლებსაც ბრალი მისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მიუძღვით. ჭკადუას განმარტებითვე, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და ყველა დაისჯება, ვისაც კი ხელი აქვს აღნიშნულ საქმეში გასვრილი.
„ბ-ნი იური ვაზაგაშვილი მოკლეს იმ პირებმა, რომლებმაც მოკლეს მისი შვილი. მათ რეალური საფრთხე იგრძნეს ახლა, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისი სპეცოპერაციის გამოძიება პრაქტიკულად არის დასკვნით ეტაპზე. მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. ვგულისმობ იმას, რომ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა უნდა მიიღოს გამოძიებამ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც აღნიშნულ დანაშაულში ხელი აქვს გასვრილი, იქნება სათანადოდ დასჯილი“, – განუცხადა „ქრონიკას“ იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები