ადვოკატი ვაზაგაშვილის საქმის გახსნას “ორ-სამ კვირაში” აანონსებს
ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე დაახლოებით ორ-სამ კვირაში ეს გაიხსნება”, – ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოჯახის ახლობლების მოთხოვნაა, რომ ვიდრე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე სრულად არ იქნება გამოძიებული, ყველა ის ადამიანი, ვინც 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციასთან პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული, დროებით მაინც იქნან თანამდებობიდან გადაყენებული.
ვაზაგაშვილების საქმეზე ადვოკატებს პროკურატურაში ჰქონდათ შეხვედრა, მათ გამომძიებლებს ის დეტალები მიაწოდეს, რაც იური ვაზაგაშვილს არ ჰქონდა მიწოდებული.
“პროკურატურაში მოხდა ინფორმაციის გაცვლა. მათ აინტერესებდათ ჩვენს მიერ მიწოდებული ყველა დეტალი, თუკი არის ისეთი, რაც ბატონ იურის არ ჰქონდა მიწოდებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. მე პირადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან მიმართებაში. ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ორ-სამ კვირაში ეს საქმე გაიხსნება”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.