დავით საგანელიძე: მიზანი ყველას ერთი გვაქვს – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღირსეული ადამიანი იყოს
ქვეყნის პირველ პირთან უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები დაწყებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტთან კონსულტაციაში უმრავლესობის სახელით თავად მიიღებს მონაწილეობას.
“კონსულტაციები დაიწყო, ის კიდევ გაგრძელდება. თუმცა, ალბათ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება. მე ჩემი კოლეგებისგან მაქვს ის უფლებამოსილება და ნდობა, რომ ბატონ პრეზიდენტთან შეხვედრებს დავესწრო. მიზანი ყველას ერთი გვაქვს – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა ღირსეული ადამიანი იყოს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც აქვს ერთი მიზანი – უზენაეს სასამართლოს ჰყავდეს ყველაზე ღირსეული, პროფესიონალი, სანდო და წესიერი ხელმძღვანელი.
“პრეზიდენტთან შედგა შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ. ამ საკითხზე ბატონ პრეზიდენტთან კონსულტაციები კიდევ გვექნება. დღეს ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ამოცანა ყველას , ბატონ პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც ერთი გვაქვს, რომ უზენაეს სასამართლოს ჰყავდეს ყველაზე ღირსეული, პროფესიონალი, სანდო და წესიერი ხელმძღვანელი, რაც, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ, როცა კანდიდატურა იქნება შერჩეული, წარდგენილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული”, – აღნიშნა საგანელიძემ.