პარლამენტში შესაძლოა, პროკურატურის წარმომადგენლები დაიბარონ
დეპუტატების ნაწილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახურული სხდომის ჩატარებას ითხოვს. კანონმდებლების სურვილია, დახურულ სხდომაზე აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურის წარმომადგენლებისგან მოისმინონ.
“მე ვიცი, ვინ არის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მთავარი მოწმე, სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს ის. ვიცი, რომ ეს ინფორმაცია იცის პროკურატურამაც. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, გავინტერესებს, თუ რატომ დასჭირდა პროკურატურას ორი წელი იმისათვის, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე მისულიყო გახსნის ეტაპამდე. აქდან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ, განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი. ამიტომაც მე დღეს დავსვი საკითხი დახურული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.