ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა. როგორც სესიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკვლელობის ადგილი საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს. სესიაშვილის თქმით, ეს გარემოება კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.
“საქმე რთულად იქნება გამოსაძიებელი. სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი, გეოგრაფიულად, ახლოს არის საოკუპაციო ზოლთან და, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მკვლელი მოქმედებდა საოკუპაციო ზოლიდან. ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოხდეს გამოძიება, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომლებიც უკავშირდება როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ მოტივებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები