ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 7 კომპანია შეირჩა

სამთავრობო კომისიამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 7 კომპანია შეარჩია. კომპანიები 12 საკონკურსო განაცხადიდან შეირჩა და ისინი კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიაში გადავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მაოდგილემ ირმა ქავთარაძემ ისაუბრა.
როგორც ქავთარაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ 5 აგვისტოს გამოაცხადა მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
„განაცხადები შემოიტანეს როგორც ცალკეულმა კომპანიებმა, ასევე კონსორციუმებმა. გასული წლის დეკემბერში შეიკრიბა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი წამყვანი სამინისტროების წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი უწყებები. კომისიამ გადაწყვიტა, რომ კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიაში გადავა შვიდი კომპანია”, – განაცახადა ირმა ქავთარაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიებია: BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE); MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM); JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA); TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG); ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM); AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM); CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA).
მისივე თქმით, 31 დეკემბერს ე.წ. მოკლე სიაში მყოფ კომპანიებს საქართველოს მთავრობის მიერ გაეგზავნათ მოწვევა წინადადებების წარმოდგენაზე, ხოლო გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2016 წლის ივნისიდან.
“კომპანიებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 16 აპრილს. ამის შემდეგ მოხდება ორი ან სამი უპირატესი კანდიდატის გამოვლენა და მათთან გაიმართება მოლაპარაკებები ერთდროულად. იქნება მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი. ამის შემდეგ კი კომპანიებს მიეცემათ საშუალება, რომ წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება არა უგვიანეს მიმდინარე წლის სექტემბრისა”, – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები