შალვა ხაჭაპურიძე: იური ვაზაგაშვილის ტელეფონს უსმენდნენ
ვიღაცამ იცოდა, რომ იური ვაზაგაშვილი მივიდოდა სასაფლაოზე, ანუ მის ტელეფონს უსმენდნენ – ეს განცხადება ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ “რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შალვა ხაჭაპურიძე, რომელმაც დღევანდელი ბრიფინგი იური ვაზაგაშვილის მეგობრის სტატუსით გამართა, ითხოვს, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული მუხლი გადაკვალიფიცირდეს და ძიება ტერორიზმის მუხლით გაგრძელდეს.
“ვიღაცამ იცოდა, რომ იური ვაზაგაშვილი მივიდოდა სასაფლაოზე, ანუ მის ტელეფონს უსმენდნენ. იბადება კითხვა – არსებობს კერძო სტრუქტურა ქვეყანაში, რომელიც ასე ადამიანებს უსმენს?! მოგეხსენებათ, ეს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. ამის უფლება მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოს იმ შემთხვევაში გააჩნია თუ სასამართლოს ბრძანებას მიიღებს. იური ვაზაგაშვილის გადაადგილებას, სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ და საკმაოდ ეფექტურადაც, რასაც ის საშინელება ადასტურებს, რისი მომსწრეებიც გავხდით“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.