„მომიხსნას ხელისუფლებამ აღმკვეთი ღონისძიება და ჩემი საქმის საჯარო განხილვები მოვაწყოთ. მე უდანაშაულო ვარ“

„ არავისთან მოლაპარაკებას და გარიგიბას არ ვაპირებ. მე პოლიტდევნილი ვარ“ ,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პირდაპირი ჩართვისას ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ძებნაში მყოფმა ლევან მამალაძემ გააკეთა.
მამლაძის განცხადებით, მან საქართველოს პროკურატურას მისი საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა, თუმცა ამას დღემდე ვერ მიაღწია. მისი თქმით, მას საქართველოში ჩამოსვლა და მისი უდანაშაულობის დამტკიცება სურს, რისთვისაც ხელისუფლებას მისთვის აღკვეთი ღონისძიების მოხსნას სთხოვს.
ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, ის მხოლოდ იმის გამო გამოცხადდა დამნაშავედ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას პიარი აუგორა.
„ ჩემი საქმე არცერთხელ არ განხილულა, ის მთლიანად ახალი გარემოებაა, ამიტომაც მივმართე და ვთხოვე პროკურატურას, საქმეზე გამოძიება დაეწყო. მიპასუხეს, რომ ამისთვის რაღაც კანონი უნდა შეიცვალოს. უკვე სამი წელია ეს კანონი იცვლება და ვერ შეიცვალა. გრიგალაშვილმა ჩემს საქმეზე მოწმეები აწამა, რომ ჩვენებები მიეღო. ჩემი მწამებლები დღეს არათუ მოხსნეს, ან დაისაჯნენ, არამედ დაწინაურებულები არიან. არავისთან მოლაპარაკებას და გარიგებას არ ვაპირებ. მე პოლიტდევნილი ვარ. მივმართავ ხელისუფლებას, რომ მომიხსნან აღმკვეთი ღონისძიება და ჩემი საქმის საჯარო განხილვები მოვაწყოთ. მე სრულიად უდანაშაულო და სააკაშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ აგორებული პიარის მსხვერპლი ვარ. სურდა, ჩემგან მონსტრი შეექმნა. მომიხსნან აღმკვეთი ღონისძიება და ჩამოვალ. სხვა შემთხვევაში სააკაშვილმა ვერ დამიჭირა და არც ამათ დავაჭერინებ თავს“,- განაცხადა ლევან მამალაძემ.
ლევან მამალაძე უკვე 12 წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს. როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ის მცირე ბიზნესითაა დაკავებული. პარალელურად კი პოლიტოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის დარგში საქმიანობს.
ლევან მამალაძეს გამოძიება ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. მას სასამართლომ დაუსწრებლად 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მამალაძე ინტერპოლით იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები