„მე ვიცი, ვინ არის ის მოწმე, ვისზეც იური საუბრობდა, ვიცი, სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს“

მე ვიცი, ვინ არის ის მოწმე, ვისზეც იური საუბრობდა, ვიცი, სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას იური ვაზაგაშვილისგან აქვს, რომელსაც 18 იანვარს ესაუბრა.
„მე ვიცი, ვინ არის ის მოწმე, ვისზეც იური საუბრობდა. ვიცი, სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს. თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელება შეიძლება არასწორი იყოს. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურამ ეს მოწმე უკვე დაჰკითხა და ზურა ვაზაგაშვილის საქმის უახლოეს პერიოდში გახსნას წინ აღარაფერი უდგას. მე ეს ინფორმაცია იური ვაზაგაშვილისგან მაქვს, რომელსაც 18 იანვარს ვესაუბრე. ასე რომ, ეს საქმე ასე ვერ დასრულდება. იურის მეგობრები და ახლობლები ცოცხლები ვართ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან განვიცდი, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იური ვაზაგაშვილს 2 წელი დასჭირდა, რომ შვილის საქმის გამოძიება ხელშესახებ შედეგებამდე მისულიყო. თუ აღმოჩნდა, რომ ძალოვან უწყებებში არიან პირები, ვინც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებდნენ, სერიოზული პროცესები წავა და შეიძლება საკადრო ცვლილებების წინაშეც დავდგეთ. თუ არიან ის ადამიანები, ვინც ზურა ვაზაგაშვილის საქმეს ხელს აფარებდნენ, ისინი უნდა გამოვლინდნენ და დასასჯელები არიან არა მხოლოდ ეს ხალხი, არამედ ისინიც, ვინც ეს ხალხი თანამდებობებზე დანიშნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ერთი საქმის გახსნა არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა „პირველ პრესკლუბში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები