“ხიდაშელ – უსუფაშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ახალ ხელისუფლებას კარდინალური რეფორმები ვერ განეხორციელებინა”

„რესპუბლიკურმა“ დუეტმა დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა დაარწმუნეს ბიძინა ივანიშვილი, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა არ შეეცვალათ და ფუნდამენტური რეფორმები არ განეხორციელებინათ.
სწორედ ამ სისტემის შედეგია, დღეს რომ ადამიანი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს“,- აღნიშნული განცხადება „საინფორმაციო-პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პირდაპირი ჩართვისას ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლევან მამალაძემ გააკეთა.
მამალაძის განცხადებით, „რესპუბლიკელებმა“ ყველაფერი გააკეთეს, რომ არათუ შენარჩუნებულიყო, არამედ პირიქით, გაძლიერებულიყო და გაფართოებულიყო „ნაციონალური მოძრაობა“.
მისი თქმით, უსუფაშვილს პოლიტიკური მიზნები ამძორავებს და, საჭიროებისთანავე, სხვა ბანაკში გადაბარგდება.
„საშინელი ფაქტი მოხდა. სააკაშვილმა შექმნა საშინელი სისტემა, ამ ხელისუფლების დროს კი „რესპუბლიკელების“ წყალობით იგივე სისტემა დარჩა და ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა. ეს „რესპუბლიკური“ დუეტის დამსახურებაა. მათ დაარწმუნეს ამაში ივანიშვილი. ივანიშვილი იძულებულია მათ ანგარიში გაუწიოს, რომ მათი წასვლით არ დაიშალოს კოალიცია. შედეგად მივიღეთ ის, რომ ის სისტემა და ზონდერები, ვისაც ვებრძოდით, დარჩა. ამ ზონდერების გამო ვერ ხდება დღემდე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება და ამიტომ იძიებდა დამოუკიდებლად მას იური ვაზაგაშვილი. უსუფაშვილი ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის’“ შენარჩუნება დემოკრატიის გამოცდა იყო. „რესპუბლიკელებმა“ ყველაფერი გააკეთეს, რომ კარდინალური რეფორმები ვერ დაწყებულიყო და სააკაშვილის სიტემა არ შეცვლილიყო. ცვლილებები უნდა გატარდეს და ეს, პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლით უნდა დაიწყოს. უსუფაშვილს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, რამე რომ მოხდეს, ის მაშინვე სხვა ბანაკში გადაბარგდება“,- განაცხადა ლევან მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები