თავდაცვის მინისტრმა ესპანეთის სამხედრო ბაზა მოინახულა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზას ესტუმრა. სამხედრო ნაწილში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მასპინძლობა ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ხოსე კონდე დე არხონამ გაუწია.
სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი გიგა ბაბუნაშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სხვა წევრები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სტუმრებს ბრიგადის გენერალმა ხოსე კონდე დე არხონამ ბრიგადის სტრუქტურის, შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის მიერ ჩატარებული მისიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამხედრო ნაწილში მიმდინარე წვრთნას დაესწრო.
მინდია ჯანელიძე ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმშიც იმყოფებოდა, სადაც ძველი ესპანური სამხედრო შეიარაღება, აღჭურვილობა და დროშები დაათვალიერა. სამხედრო ბაზაზე სტუმრობის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა საპატიო წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ბრიგადის გენერალს ხოსე კონდე დე არხონას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.