პრემიერი: ქართული კინო არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი და ის სხვა ეტაპზე გადადის

რეჟისორ ზაზა ოვაშვილის ფილმის წარმატებამ დაადასტურა, რომ ქართული კინო არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი და ის სხვა ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განაცხადა, სადაც კულტურის მინისტრთან ერთად „ოსკარზე“ წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღებ ჯგუფს და კინოხელოვანებს ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავ ღონისძიებაზე უმასპინძლა.
“ეს არის არა მარტო თქვენი გამარჯვება და აღიარება, არამედ ქართული ნიჭის გამარჯვება და აღიარებაცაა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ნიჭიერი ერი და ჩვენში არის დიდი პოტენციალი. ჩვენ გვაქვს ფილმის კეთების დიდი ტრადიცია. ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა, მართლაც, შედევრები შექმნეს. თქვენმა წარმატებამ კი დაადასტურა, რომ ქართული კინო არის არა მხოლოდ ისტორიის ნაწილი, არამედ ის გადადის სხვა ეტაპზე და ვითარდება. მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება, რომელიც ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის ძალიან სასიხარულოა”, – მიმართა პრემიერმა “მანდარინების” რეჟისორს ზაზა ურუშაძეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ნიჭიერ კინორეჟისორს ფილმის გადაღების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. “ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს კინოს წარმოება არის ძალიან ძვირი და დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. აქ, რა თქმა უნდა, საჭიროა სახელმწიფოს დახმარება. მინდა, მთავრობის სახელით გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით თქვენ და ყველა იმ ნიჭიერ კინორეჟისორს, რომელიც ქმნის საქართველოსთვის საამაყო ფილმებს. დადგა დრო, რომ ქართული კინო განვითარდეს, ის ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეჟისორები ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი – ხელოვნების ქურუმით დააჯილდოვა.
რეჟისორებს ჯილდო საერთშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ. მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა „ოსკარზე“ წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღებ ჯგუფსა და კინოხელოვანებს დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”‘ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლეს.
როგორც ცნობილია, „ოსკარზე“ წარსადგენი უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კინოსურათი 83-მა ქვეყანამ წარადგინა, საიდანაც ჟიურიმ 9 საუკეთესო ფილმს შორის ორი ქართული ნამუშევარი – ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” შეარჩია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების “შორთლისტში” ერთდროულად ორი ქართული ფილმი მოხვდა. ზაზა ურუშაძის ფილმი – “მანდარინები” ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები