ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეჟისორები ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი – ხელოვნების ქურუმით დააჯილდოვა.
რეჟისორებს ჯილდო საერთშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ. მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა „ოსკარზე“ წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღებ ჯგუფსა და კინოხელოვანებს დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”‘ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლეს. როგორც ცნობილია, „ოსკარზე“ წარსადგენი უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კინოსურათი 83-მა ქვეყანამ წარადგინა, საიდანაც ჟიურიმ 9 საუკეთესო ფილმს შორის ორი ქართული ნამუშევარი – ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” შეარჩია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების “შორთლისტში” ერთდროულად ორი ქართული ფილმი მოხვდა. ზაზა ურუშაძის ფილმი – “მანდარინები” ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის იბრძოლებს.