ირაკლი კობახიძეს ბურჯანაძის პარტიაში მამამისის ყოფნა უხერხულობას არ უქმნის
-
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიაში მამამისის ყოფნით უხერხულობა არ შეიქმნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნობის კანდიდატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, მას ახალი თანამდებობის თაობაზე კონსულტაციები პარტიის ხელმძღვანელობასთან ჰქონდა.
“დასაწყისში, როდესაც პარტია “ქართული ოცნება” შეიქმნა, ანალიტიკურ მუშაობაში ვიყავი ჩართული. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი ვიყავი. ამის შემდეგ სხვადასხვა ფორმითა და ინტენსივობით მუდმივად ვუწევდი პარტიას კონსულტაციებს. მქონდა საუბარი პარტიის თავმჯდომარესთან, გენერალურ მდივანთან, პოლიტსაბჭოს წევრებთან. ვერ გეტყვით როდის შეიკრიბებიან ისინი, თუმცა პოლიტსაბჭო უნდა შეიკრიბოს, რადგან გადაწყვეტილება მისი მისაღებია”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში” მამამისის, გია კობახიძის ერთ-ერთ წამყვან პოსტზე ყოფნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაც მოუწია.
“ამით სამომავლოდ არავითარი უხერხულობა არ შეიქმნება”, – განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნობის კანდიდატმა.