რას ამბობდა თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში გამგზავრებამდე – რას აცხადებს გარდაცვლილის ძმა
სამი თვეა, რაც უკრაინაში წავიდა. წასვლა მისი გადაწყვეტილება იყო. არავის ინიციატივა არ ყოფილა. თავად ჰქონდა ამის სურვილი, ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო“, – ამის შესახებ “კვირას” უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის ძმამ გიორგი სუხიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „კვირასთნ“ საუბრისას აღნიშნა, თამაზ სუხიაშვილი სამი თვის განმავლობაში უკრაინიდან ოჯახს ფინანსურად არ ეხმარებოდა.
„არავისგან არაფერი არ გვინდა. ჩვენ არაფრის დახმარებას არ ვითხოვთ. უბრალოდ ყურადღების მიქცევაზე იყო საუბარი. ჩემი ძმა უკრაინაში საბრძოლველად სხვისი მოწოდებით არ წასულა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. თავად ჰქონდა ამის სურვილი. ჩვენ არ გვინდოდა, თუმცა დაიჟინა, აუცილებლად უნდა წავიდეო, მას მებრძოლი სული ჰქონდა. სამი თვის მანძილზე ტელეფონით გვიკავშირდებოდა“, – განაცხადა „კვირასთან“ გიორგი სუხიაშვილმა. მისივე თქმით, თამაზ სუხიაშვილი 2012 წლამდე შეირაღებულ ძალებში მსახურობდა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი მან კონტრაქტი აღარ გააგრძელა.
„2012 წლამდე შეირაღებულ ძალებში მსახურობდა. ვაზიანში ახალი დაწყებული ჰქონდა საკონტრაქტო სამსახური. პირველი 4 წელი იმსახურა, შემდეგ ვადა გაუვიდა და წამოვიდა, თავი დაანება, ერაყშიც იყო წასული“, – აღნიშნა მან.
უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს თამაზ სუხიაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტზე შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როდის გადმოასვენებ სამშობლოში უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს ჯერჯერობით უცნობია.
მარიამ ლომინაძე