უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის ოჯახი მთავრობას დახმარებას სთხოვს. ქართველი ჯარისკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“გორში სპეცრაზმში მსახურობდა, დაანება სპეცრაზმს თავი, იქიდან უკრაინაში წავიდა და შეტაკების დროს დაიღუპა. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და მათ ახლა დახმარება სჭირდებათ. იქნება მთავრობას რამენაირად მივაწვდინო ხმა“, – აცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ბიძა ბონდო ტაბატაძე.
თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. შეტაკება 93-ე ბრიგადის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებით გუშინ მოხდა, რა დროსაც დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში ცხოვრობდა. ის 2012 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა.