„სოლიდარობის ფონდმა“ თბილისის მერიის თანამშრომლები დააჯილდოვა

2014 წელს საქართველოს „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილმა „სოლიდარობის ფონდმა“ თბილისის მერიის თანამშრომლები დააჯილდოვა.
მუნიციპალიტეტებს შორის ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის ყველაზე მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი დღეს დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გადაეცა.
როგორც სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერია” „სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, მუნიციპალიტეტებს შორის, თბილისის მერიის თანამშრომლების მიერ ფონდში ყოველთვიური შენატანი 11 ათას ლარს აჭარბებს, რისთვისაც მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა მერიის თითოეულ თანამშრომელს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მერიაში მისვლისთანავე, ახალი გუნდი აქტიურად ჩაერთო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაში. „თბილისის მერია „სოლიდარობის ფონდის“ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია, როგორც ინდივიდუალურად თანამშრომლები, რომლებსაც გააჩნიათ შენატანები, ისე პროგრამულად და მაქსიმალურად უჭერს მხარს „სოლიდარობის ფონდის“ მეშვეობით კეთილი საქმეების კეთებას. გპირდებით, რომ 2015 წლის შენატანი გაცილებით უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ამოქმედებიდან დღემდე ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან.
საერთო ჯამში 1 701 000 ლარის მობილიზება მოხდა და 1 198 000 ლარი დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა, ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას.
დღეს სოლიდარობის ჯილდოები გადაეცა 24 საჯარო უწყებას, 16 კერძო კომპანიას და არასამთავრობო ორგანიზაციას. მადლობის სერტიფიკატები მიიღო 43-მა საჯარო უწყებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები