„სომხეთს იუნესკოსთვის არ მიუმართავს“ – რას აცხადებენ სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაში?

რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაში არ ადასტურებენ და მას აბსურდულ ტყუილს უწოდებენ.
როგორც „კვირას“ საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა განუცხადა, ინფორმაცია, რომ სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა, თავდაპირველად „ვესტი კავკაზამ“ გაავრცელა, რასაც საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ისახანიანის თქმით, ეპარქიამ გამოცემას წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აღნიშნული წერილის გამოქვეყნება სთხოვა, თუმცა “ვესტი კავკაზამ“ წერილი არ გამოაქვეყნა. 10933316_336763589863164_189817596_n
ამის შემდეგ საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ წერილის გამოქვეყნების თხოვნით “რეგნუმს“ მიმართა. სააგენტომ საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიიდან გაგზავნილი წერილი 16 იავარს გაავრცელა.
„ეს არის სრული ტყუილი, სომხურ მხარეს იუნესკოსთვის მსგავსი სახის თხოვნით რომ მიემართა, ეს ჩვენს გარეშე ვერ მოხდებოდა. თავდაპირველად ეს დეზინფორმაცია “ვესტი კავკაზამ“ ადგილობრივ ჟურნალისტზე დაყრდნობით გაავრცელა. ჩვენ მაშინვე მოვახდინეთ რეაგირება და მათ მივწერეთ პასუხი, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ჩვენი წერილის გამოქვეყნება ვთხოვეთ, თუმცა მათ წერილი არ გამოქვეყნეს. შემდეგ წერილი “რეგნუმს“ გავუგზავნეთ და მათ მართლაც გაავრცელეს წერილი, სადაც ეწერა, რომ იუნესკოსთვის მიმართვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ვფიქრობ, მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელება საქართველოს და სომხეთის საერთო მტრების სურვილს წარმოადგენს“, – განუცხადა “კვირას“ ლევონ ისახანიანმა.
შეგახსნებთ, რომ „ინტერფაქსის“ ცნობით, სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ სომხური მხარის ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.
“მე-19 საუკუნეში სომხები აზერბაიჯანსა და საქართველოში გადასახლდნენ, სადაც მათ დაიწყეს ყველაფრის არმენიზაცია. უკანასკნელი პრეტენზიები სომხებს დუდუკზე, ლავაშზე, ქართულ ღვინოზე, ახლა კი ეკლესიებზე აქვთ. ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია“, -განუცხადა “ინტერფაქსს“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდივნის მოადგილემ ფუად ახუნდოვმა.

მარიამ ზედგინიძე

www.regnum.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები