ალექსანდრე ჭიკაიძე განცხადებას ავრცელებს

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის “სოლიდარობის ჯილდოს” გადაცემას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, განცხადებით ეხმაურება. მინისტრი მადლობას უხდის უწყების ყველა თანამშრომელს, ვინც სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს აფინანსებს.
“მადლობას ვუხდი ჩვენი სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც 2014 წელს, ფონდის შექმნიდან დღემდე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს აფინანსებს და საკუთარ შვილებს სოლიდარობის მაგალითს აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დონაციების მხრივ ლიდერია და ეს თქვენი დამსახურებაა. სოლიდარობის ფონდი არ არის უბრალოდ ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედების თანამედროვე და გავლენიანი ტრადიცია, რომელსაც ბევრი ადამიანის ბედის შეცვლა შეუძლია. სოლიდარული კულტურის განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სიკეთე გადამდებია!”, – ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო “სოლიდარობის ფონდში” დონაციის კუთხით, 10 წამყვან უწყებაში პირველ ადგილზეა. “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ღონისძიება დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები