ლევან იზორია: შუღლის გაღვივების დასჯადობა სიტყვის თავისუფლებას არ არღვევს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც “მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ე.ი. ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე”.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, აქამდე დასჯადი იყო მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როდესაც შუღლის ნიადაგზე, მაგალითად, მკვლელობის შედეგი დგებოდა. თავად შუღლის გაღვივების ფაქტი კი არ ისჯებოდა.
„ჩვენ გავითვალისწინეთ რა უცხო ქვეყნების გამოცდილება, განსაკუთრებით გერმანიისა და ევროკავშირის სხვა მოწინავე ქვეყნებისა, წარმოვადგინეთ ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ, რომ ითვალისწინებს, მათ შორის, რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას, რომელსაც მძიმე შედეგი მოსდევს და ეს დაკავშირებულია ფიზიკურ და ძალდობრივ დაპირისპირებათან. აქედან გამომდინარე, სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია ასეთი სისხლის სამართლებრივი და დასჯადი ქმედების არსებობა”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შს მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია სიტყვის თავისუფლების უფლებას არ ზღუდავს. მისი თქმით, დასჯადი იქნება შუღლი, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური ძალის და ძალადობის ელემენტებთან.
“როდესაც ვამბობ, რომ არსებობს გამოცდილი ქვეყნების პრაქტიკა, ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებში ბალანსი, ოქროს შუალედი, რომელიც დაკავშირებულია, ერთის მხრივ, სიტყვის ანუ გამოხატვის თავისუფლებასთან და მეორეს მხრივ, საზოგადოების, მათ შორის, სხვადასხვა კონფესების, რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობასთან, დაცულია. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივით ეს ბალანსი დაცულია”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები