ლევან იზორიამ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ ეხება იმ ქართველებს, რომლებიც კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ.
“არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება კანონიერ ფორმირებებს და ის კითხვები და წუხილი, რომელიც გაჩნდა უსაფუძვლოდ, თითქოსდა ეს ეხება იმ ქართველებს, ვინც კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ, საფუძველს არის მოკლებული. აქ საუბარია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ფორმირებებზე და არავითარ შემთხვევაში იმ მოქალაქეებზე, ვინც ხელისუფლების გვერდით იბრძვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების მიზანი, რომლითაც უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დასჯადი ხდება.
“ჩვენ, ბუნებრივია, გვქონდა ასეთი ქმედება, დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც საქართველოს მოქალაქე თუ საერთაშორისო ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, მაგრამ ის აქტივობები, რომლებიც ახლა სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში არ უკავშირდება კლასიკურად ტერორისტული ორგანიზაციების მცნებას. ამიტომ იმ პრაქტიკას ვიყენებთ, რომელიც საერთაშორისოდ არის მიღებული, სადაც ამ მცნებით, რასაც ჰქვია უკანონო ფორმირება, უკვე ყველა ტიპის ტერორისტული საქმიანობა იქნება მოცული. აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყანაში უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებს, ან გაუჩნდება სურვილი გაიაროს შესაბამისი წვრთნა, ან ვინმეს გადაიბირებს ასეთ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის, დაისჯება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები